სემეკ-ში აცხადებენ, რომ ახალი აბონენტის ქსელზე მიერთებას ძვირად ღირებული სამუშაოები სჭირდება და საფასური ამის გამო გაიზარდა
სემეკ-ში აცხადებენ, რომ ახალი აბონენტის ქსელზე მიერთებას ძვირად ღირებული სამუშაოები სჭირდება და საფასური ამის გამო გაიზარდა

თვითმმართველ ქალაქებში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი ლიცენზიანტი კომპანიების მიერ სემეკ-სთვის წარდგენილი ანგარიშების მიხედვით განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, ვანო მეჭურჭლიშვილმა განაცხადა.

სემეკ-ში განმარტავენ, რომ ახალი აბონენტის ქსელზე მიერთების საფასური მოიცავს სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებას 300 მეტრის რადიუსში, ნებართვების აღებას, მიერთების სამუშაოების განხორციელებას, შეთანხმებას და სხვა საჭირო სამუშაოებს.

„ჩვენი ლიცენზიანტები პერიოდულად გვიგზავნიან ინფორმაციას მომსახურების ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ. თანხის რაოდენობაც ამ ანგარიშების მიხედვით განისაზღვრა. მათი შესწავლის შედეგად აშკარა იყო, რომ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ინფრასტრუქტურა საკმაოდ მჭიდროდ არის განთავსებული, საჭიროა ძვირად ღირებული სამუშაოების განხორციელება. რომ არ გაგვეზარდა მიწოდების ტარიფი, მოვახდინეთ ხარჯების მიერთების საფასურის ტარიფში ასახვა და გათვალისწინება იმ ზონებზე, რა ზონებიდანაც არის ეს ხარჯები გამოწვეული“, – აცხადებს ვანო მეჭურჭლიშვილი.

ამასთან, მისი თქმით, მიერთების მომსახურების დაგვიანების შემთხვევაში, საფასური ნახევრდება.

„ჩვენ კონტროლიდან გამომდინარე გვაქვს დადგენილი ძალიან მაღალი სტანდარტი, რაც გულისხმობს საფასურის 50 პროცენტით განახევრებას, თუ მომსახურება დროულად არ მოხდა. არის შემდეგი კომპენსაციები, მაგალითად, გასულ წელს, 40 ათასი მიერთება იყო აქედან 1000 ვადაგადაცილებით დასრულდა, რაზედაც ნახევარ მილიონამდე კომპენსაცია გაიცა“, – აღნიშნა ვანო მეჭურჭლიშვილმა.

მიმდინარე წლის იანვრიდან, თვითმმართველ ქალაქებში, ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა და 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარი გახდა. შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა და მისი ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა. თვითმმართველი ქალაქებია თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და რუსთავი.

ამასთან, საფასურის გაორმაგება არ ეხებათ აბონენტებს, რომლებმაც მიერთებაზე განცხადება გასულ 2019 წელს გააკეთეს. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ყოველწლიურად დაახლოებით 40 ათასი ახალი აბონენტი რეგისტრირდება.