სემეკ-მა წელს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომხმარებლებს 2.5 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული 3500-მდე სადავო საკითხი განიხილა. მომხმარებელთა საჩივრების უმეტესობა მათ სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ერთ წლის განმავლობაში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 2.5 მილიონ ლარს გადააჭარბა.
წლის განმავლობაში სემეკ-ში გამართულ 114 საჯარო სხდომაზე, კომისიის წევრებმა იმსჯელეს 636 საკითხზე. აქედან, 90 პროცენტი შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს. სემეკ-ში განსახილველად შესული მომხმარებელთა განცხადება/საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შეუსაბამო საფეხურის ტარიფით დარიცხვას.
სემეკ-ი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია, როგორც ქოლცენტრში ნომერზე – 16 216, ასევე სემეკ-ის ფეისბუქგვერდზე.