სემეკ-მა წელს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომხმარებლებს 2.5 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

14:28, 27.12.2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული 3500-მდე სადავო საკითხი განიხილა. მომხმარებელთა საჩივრების უმეტესობა მათ სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ერთ წლის განმავლობაში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 2.5 მილიონ ლარს გადააჭარბა.

წლის განმავლობაში სემეკ-ში გამართულ 114 საჯარო სხდომაზე, კომისიის წევრებმა იმსჯელეს 636 საკითხზე. აქედან, 90 პროცენტი შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს. სემეკ-ში განსახილველად შესული მომხმარებელთა განცხადება/საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შეუსაბამო საფეხურის ტარიფით დარიცხვას.

სემეკ-ი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია, როგორც ქოლცენტრში ნომერზე – 16 216, ასევე სემეკ-ის ფეისბუქგვერდზე.

მსგავსი