საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, პირველ და მეორე კვარტალში მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 626 763 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის ექვს თვეში სემეკ-მა 54 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 1312 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკ-ის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენმა.
სემეკი მიმართავს მოქალაქეებს, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ უწყებას ან მასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც სატელეფონო ცენტრში ნომერზე – 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც.