საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 20 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც სემეკ-ში განმარტავენ, დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრული ინფორმაციის შეყვანა, რაც წარმოადგენს „ლიცენზირების წესისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესისა“ და „მომსახურების ხარისხის წესების“ დარღვევას.
მიმდინარე წლის მარტში მოქალაქემ მომართა სემეკ-ს განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კობაძეში ხშირი იყო ელექტროენერგიის წყვეტები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მხრიდან. მომხმარებელმა კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის მარტამდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების თარიღი ავარიულ გათიშვებთან დაკავშირებით. მომხმარებლის განმარტებით, ელექტროენერგიის გათიშვები გაცილებით ხშირი ხასიათის იყო, ვიდრე ამას ასახავდა კომპანიისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. აღნიშნული დადასტურდა სემეკ-ის მოკვლევის შედეგადაც. ამასთანავე, გამოვლინდა, რომ სემეკ-ის ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ დაფიქსირებული წყვეტების რაოდენობა იყო არაზუსტი და კომპანიას ელექტრონულ ჟურნალში წყვეტებთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია არ ჰქონდა შეყვანილი. კომპანიას განემარტა, რომ მსგავსი ტიპის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სემეკ-ი იმსჯელებს გაორმაგებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.