სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დღეს განიხილავენ
დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას დღეს განიხილავენ. წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.
ოპოზიცია დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ პოლიტიკური სახე არ უნდა იყოს სემეკ-ის ხელმძღვანელი.
მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი
„დავით ნარმანიას კანდიდატურა შემოვა პარლამენტში. ამას განვიხილავთ. იქნება კონსულტაციები და ამის შემდეგ გუნდში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა
სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.