საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია რეგულირებად სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს.
სემეკ-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმურ მარეგულირებელ აუდიტთან ერთად, სისტემატურად მოხდება არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება, რაც გულისხმობს რეგულირებული კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების მიზნობრიობის შესწავლას, დანახარჯების რეგულირებად საქმიანობასთან საჭიროების დადგენას, მიზანშეწონილობისა და გონივრულობის განსაზღვრას.
ამ მიზნით სემეკ-ში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ფუნქციებსაც, სატარიფო მიზნებისათვის განსახორციელებელი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პარალელურად, წარმოადგენს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი.
სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელი აუდიტის სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და ფინანსური სახსრების რაციონალურ ხარჯვას.
„უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე სემეკ-ი კომპანიების მარეგულირებელ აუდიტს ატარებდა ტარიფების დადგენის პერიოდში შესაბამისი სატარიფო გაანგარიშების მიზნით. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელი აუდიტის პროცესს მიეცეს სისტემატური ხასიათი და კომპანიების საქმიანობის შემოწმება კონკრეტული მიმართულებებით მოხდეს არაგეგმურადაც. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს კომპანიების მიერ ხარჯების გაწევის უფრო მეტ გონივრულობას და მიზნობრივი პროექტების ეფექტიან განხორციელებას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, სემეკ-ში შექმნილი მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია: ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი, ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის, სახელმძღვანელო ინსტრუქციების, სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის შემუშავება, აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესის დაგეგმვა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, საპროგნოზო სატარიფო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი და მიზანშეწონილი ოდენობის განსაზღვრა.