„სეკურიტიზაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო პაკეტის სახელწოდება ბიუროს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა
„სეკურიტიზაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო პაკეტის სახელწოდება ბიუროს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა

მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის სახელწოდება დღეს ბიუროს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა. „სეკურიტიზაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო პაკეტის სახელწოდებას უხერხული უწოდა და ენის შეურაცხყოფად შეაფასა „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კი განმარტა, რომ საკითხთან დაკავშირებით ენის დეპარტამენტთანაც გაიარეს კონსულტაცია და დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ერთადერთი შესატყვისი ქართული სახელწოდება „გაფასიანქაღალდება“ აღმოჩნდა, რასაც არჩიეს ისევ საერთაშორისო ტერმინი გამოეყენებინათ.

„ბატონო შალვა, მგონი, ძალიან უხერხულია „სეკურიტიზაციის შესახებ“ ერქვას კანონს, როდესაც ქართულ ენაში რამდენიმე სიტყვა გვაქვს ამის შესაფერისი, ეს არის, როგორც ჩვენი ენის შეურაცხყოფა, ასევე რაღაც უაზრო ბარბარიზმების დამკვიდრება საკანონმდებლო დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ეს კანონი გაიხმონ უკან და წარმოადგინონ შესაბამისი გამართული ქართულით, რაც უნდა ერქვას კანონს. რატომ არის აუცილებელი, რომ ერთი სიტყვით იყოს გამოხატული? სამი სიტყვა გამოვიყენოთ. ქართულში ბევრი სიტყვა გვაქვს და შეგვიძლია, აზრი გამოვხატოთ სათაურში რამდენიმე სიტყვით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლევან იოსელიანს უპასუხა, რომ „პირველი მოსმენის ფარგლებში სათაურის კორექტირება შესაძლებელია, რასაც „ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა: „ნუ დავამკვიდრებთ სათაურის შეცვლას პირველი მოსმენისას, შეიძლება, სხვა დროს ძვირად დაგვიჯდეს. ხვალ განვიხილოთ ბიუროზე, ხომ შეიძლება? მანამდე იქნებ დააზუსტონ“.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით კი, აღნიშნული საკითხი ენის დეპარტამენტშიც იყოს გადაგზავნილი.

„ერთადერთი ვარიანტი იყო „გაფასიანქაღალდება“ამის შესატყვისი, რაც ვიფიქრეთ, რომ უფრო არაადეკვატური და არასწორი ყოფილიყო. „გაფასიანქაღალდება“ არის პირდაპირ ქართული შესატყვისი. ამიტომ, რადგან ეს ტერმინი საერთაშორისო დოკუმენტაციაში გამოიყენება და სხვა ენებშიც ასეთი ფორმით არის დამკვიდრებული, ჩავთვალეთ, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ასე წარმოგვედგინა. ტერმინთა განმარტებაში განმარტებულია რას ნიშნავს“, – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს შესთავაზა საკითხი კომიტეტის ფარგლებში განიხილონ.

„პარლამენტი არის კარგი პლატფორმა, რომ მათ შორის ამ კუთხითაც პირველი მოსმენის ფარგლებში იყოს განხილვა და წინადადებები წარმოდგენილი. საკითხი გასაგებია, ამიტომ გთავაზობთ, რომ კომიტეტის ფარგლებში იყოს განხილვა ამ საკითხის და ვარიანტების“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მთავრობის ინიცირებული „სეკურიტიზაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო პაკეტის ავტორები ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან.