სებასტიან მოლინეუსი - ვგეგმავთ მთელი რიგი ღონისძიებების ხელშეწყობას საქართველოში მოწყვლადი პირების მხარდასაჭერად, რომელთაც სამუშაო დაკარგეს
სებასტიან მოლინეუსი - ვგეგმავთ მთელი რიგი ღონისძიებების ხელშეწყობას საქართველოში მოწყვლადი პირების მხარდასაჭერად, რომელთაც სამუშაო დაკარგეს

ვაპირებთ ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარებისა და ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერას, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ეხება.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველა ექიმის და ჯანდაცვის მუშაკის მიმართ, რომლებიც მოწინავე ხაზზე იმყოფებიან და განსაკუთრებულ და გმირულ საქმეს აკეთებენ. ასევე, გამოვხატავ ჩემს პატივისცემას ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც არნახული დისციპლინა და სიმტკიცე აჩვენა „კოვიდ-19“-ის პანდემიის ამ მეტად რთულ პერიოდში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ სიამაყით გვსურს განვაცხადოთ ჩვენს პარტნიორთან, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ერთად, 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების პაკეტის გამოყოფის შესახებ ჯანდაცვის სექტორისა და სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის. კერძოდ, ჩვენ ვაპირებთ ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების,ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერას. ასევე,მნიშვნელოვანია, რომ ვგეგმავთ ღონისძიებების მთელი რიგის ხელშეწყობას მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ფულადი ტრანსფერების საშუალებით მოწყვლადი პირების მხარდასაჭერად, რომელთაც სამუშაო დაკარგეს“, – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

​მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიებები ფართო პროგრამის ნაწილია.

„ახლა ეს ყოველივე ფართო პროგრამის ნაწილია, სადაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობაზე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მექანიზმებით; მეორეა საქართველოს მთავრობა, რომელსაც ხელს შევუწყობთ ბიუჯეტის მხარდაჭერის ღონისძიებებით; და ბოლოს, მესამეა კერძო სექტორი, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარების თვალსაზრისით, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ვირუსის გამო ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა.

მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ყველა საჯარო და კერძო სუბიექტთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი. მტკიცედ მჯერა, რომ თუ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გავერთიანდებით, ამ კრიზისიდან გაცილებით ძლიერები გამოვალთ“, – აღნიშნავს სებასტიან მოლინეუსი ვიდეომიმართვაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს 80 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.