სებასტიან მოლინეუსი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უზრუნველყოფს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უაღრესად სტრატეგიული პროექტია, რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართოდ – სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროპას, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა, რომელიც დღეს წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით თბილისში ჩატარებულ ოთხი ქვეყნის მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო.
ღონისძიებაში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთავრობათა მაღალი რანგის პირებმა მიიღეს მონაწილეობა: უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორმა, ჯავიდ აბდულაევმა და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ ნიკულესკუმ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პროექტისადმი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მოხარულია, მონაწილეობდეს ღონისძიებაში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტის განხორციელების საკითხებზე მუშაობს.
„ვფიქრობ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც განახლებად ენერგიას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან – და იმედია, მალე სომხეთიდანაც – ევროპაში შეიტანს, დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს და უზრუნველყოფს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა – განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.