„საზოგადოება და ბანკები“ - 191 800 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
2022 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 191 800 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 11%-დე გაიზარდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8554 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. პირველი თებერვლიდან პირველი მარტამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1900 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 8596 მილიონიდან 8554 მილიონ ლარამდე შემცირდა. 191 800 ხელშეკრულებიდან 84 900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1 182 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მარტის მდგომარეობთ 22.17% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი მარტის მონაცემებით 67 000 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.95%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2927 მილიონი ლარია. 36 200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც პირველი თებერვალთან შედარებით 100-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 4 335 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1 191 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 16.17%-ში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი მარტის მონაცემებით 3 144 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13.98%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ პირველი მარტის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 17 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 20.66%-ში გაასესხეს. ასევე, გაცემულია 3 000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 89 მილიონი ლარია. პირველი მარტის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 40.5%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 22.17%.
პირველი მარტის მდგომარეობით, შემცირებულია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა გაზრდილია. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე 12.72% -დან 11.95%-მდე. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ერთობლივი ეფექტითაა გამოწვეული. პანდემიით გამოწვეულ ინფლაციურ პროცესებს თან დაერთო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა. თებერვლის თვის ინფლაციამ 13.7% შეადგინა. შემდგომ თვეებში კი მოსალოდნელია კლება, თუმცა გაგრძელებული ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითიც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ უფრო გამკაცრება. ინფლაციური ზეწოლის ერთი მთავარი არხი ნავთობის ფასების ზრდაა, რაც ეკონომიკის სექტორებში ჯაჭვურად იწვევს ფასების ზრდას და შესაბამისად დიდი კონტრიბუცია აქვს ინფლაციაში, ხოლო მეორე წყარო მიწოდების არხია. არსებულ ვითარებაში, როდესაც რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე მოხდება ფასების ზრდა.
რაც შეეხება მოთხოვნის ფაქტორებს, მიმდინარე კრიზისის ფონზე საგარეო მოთხოვნის ზრდა ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო ეკონომიკური ზრდის სავარაუდო შენელების გამო ერთობლივი მოთხოვნის ზეწოლაც ფასებზე შემცირებული დარჩება. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.