საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქე, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქე, ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი, ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღევანდელ პროცესზე, რომელზეც მტკიცებულებები განიხილეს, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.
„ეს არის აბსურდი, წარმოიდგინეთ, 17:00 საათზე რომ დაგაჯარიმონ, კომენდანტის საათს არღვევო, შემდეგ კი ორ საათში იმავე ბრალდებით დაგაკავონ, შენ კი ამტკიცო, რომ დღისით კომენდანტის საათი არ არის, ასეა ეს საქმე“, – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.
ბრალდების მხარეს კი საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს. პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე აცხადებს, რომ დაკავებულები თურქეთიდან ბათუმისკენ კატარღით, წესების დარღვევით მოემართებოდნენ, საერთოდ არ გამოდიოდნენ კონტაქტზე ქართულ მხარესთან, რაზეც შესაბამისი რეაქცია ჰქონდა სანაპირო დაცვის სამსახურს. პროკურორი ამტკიცებს, რომ სანაპირო დაცვის სამსახურმა კატარღა დააკავა, დაკავებულების მხრიდან კი გაქცევის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი.
„სანაპირო დაცვამ კატარღა ჩაკეტა, დაკავებულების მხრიდან კი ადგილი ჰქონდა ბაგირის გადაჭრისა და გაქცევის მცდელობას. დაკავების დროს ისინი არაადეკვატურად მოქმედებდნენ, იტყუებოდნენ, რომ არ იცოდნენ ენა და თავს ასაღებდნენ სულ სხვა ქვეყნების მოქალაქეებად, ეს ყველაფერი ძირფესვიანად არის შესასწავლი“, – განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.
საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 24 თებერვალს დაიწყება.
დღევანდელი სხდომის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა.