საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს: 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-სა და 2000 წელს დაბადებულ ი.ე.-ს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში ედებათ. რაც შეეხება ტუნისის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს – 2002 წელს დაბადებულ ა.ბ.-სა და 1978 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ტუნისის რესპუბლიკის მოქალაქეებმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.