საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს: 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-სა და 2000 წელს დაბადებულ ი.ე.-ს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში ედებათ. რაც შეეხება ტუნისის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს – 2002 წელს დაბადებულ ა.ბ.-სა და 1978 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ტუნისის რესპუბლიკის მოქალაქეებმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.