საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად რვა პირის შემთხვევაში ათი ათას, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში ხუთი ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდების მხარე კი აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვდა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა განაცხადა, დაკავებული პირები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით, 2019 წლის ბოლოს შემოვიდნენ.
„ამ ეტაპზე, მათ ბრალად წარდგენილი აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. დაახლოებით 2019 წლის ბოლოსა და 2020 წლის დასაწისში, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდნენ. როდესაც კონკრეტული ინფორმაცია მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პირები ბათუმში იმყოფებოდნენ და საზღვარი უკანონოდ ჰქონდათ გადმოკვეთილი, მაშინვე გავატარეთ შესაბამისი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები. გარდა ამისა, დაკავებულების სახლების ჩხრეკის შედეგად რამდენიმე ცეცხლსასროლი პისტოლეტი იქნა ამოღებული ვაზნებთან ერთად. ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება. იარაღების კუთვნილებასთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ასევე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კონკრეტული მტკიცებულებების შემდეგ, კონკრეტულ პირებს ბრალი წარედგინებათ. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ყველა პირი, ვინც აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში იყო გამოკითხულია, ასევე ის პირები, ვინც ეს ბინა გააქირავა. გარკვეული ინფორმაცია ბრალდების მხარეს ჰქონდა ბინის გაქირავებასთან დაკავშირებით, თუმცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე ბრალდების მხარე ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.
ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად არიან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული. გზების, კონკრეტული მეთოდებისა და ამ გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს ასევე საკითხზე, თუ რატომ შემოვიდნენ საქართველოში. რაც შეეხება ტერორიზმთან დაკავშირებით შემხებლობა ამ ეტაპზე არ დგინდება. ყველა შესაბამის უწყებას მივმართავთ და მოვიძიებთ შესაბამის ინფორმაციას, არის თუ არა რომელიმე პირი, რომელიმე ქვეყნის ძებნილი“, – განაცხადა პროკურორმა, მაია სილაგაძემ.
დაკავებულთა ადვოკატის თქმით, ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
„ცხრავეს შეეფარდა პატიმრობა. რომელი ფორმალური საფუძვლით იხელმძღვანელა სასამართლომ არ ვიცი. პროკურორი ითხოვდა სამივე საფუძვლით, ეს იყო მიმალვის, ახალი დანაშაულისა და ასევე მტკიცებულების განადგურების საფრთხე. ბუნებრივია, პროკურორმა ვერ დაასაბუთა ვერც ერთი საფრთხე. საუბარია მტკიცებულებების განადგურებაზე და ახალი დანაშაულის ჩადენაზე. ძირითადი ყურადღება იყო მიმალვის საფრთხეზე. პროკურორი ბრალში უთითებს, რომ ეს პირები 2018 წლიდან საქართველოში არიან შემოსულები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსად არ წასულან. ნიშანდობლივია, მათ ბინა ჰქონდათ ნაქირავები ბათუმში და ამ ბინის მეპატრონესთან ჰქონდათ სამოქალაქო ხელშეკრულება გაფორმებული. იარაღზე ნუ ვსაუბრობთ, არ აქვს ბრალში წარდგენილი და ასეთი იარაღი არ არსებობს. იარაღთან დაკავშირებით საუბრობს პროკურატურა, თუმცა არ არის ჯერ ექსპერტიზა, ეს არის თუ არა ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე არ ფიქსირდება ამ ცხრიდან რომელს ეკუთვნოდა იარაღი. რაც შეეხება თავშესაფარს, არის ერთი ადამიანი ამ ცხრიდან, რომელმაც ოფიციალურად მიმართა და პროცედურები მიმდინარეობდა სახელმწიფოსთან. ასეთი ინფორმაცია, რომ რომელიმე პიროვნება იძებნება რომელიმე ქვეყანაში, საქმეში არ დევს“, – განაცხადა ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.