საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა გაიზარდა
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად 147 973 კონტეინერი გადამუშავდა (TEU), რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ფოთის ნავსადგურში მარტში დაფიქსირებული მაჩვენებელი – 52 475 TEU აჭარბებს 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს – 51 272 TEU-ს“.
„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31-პროცენტიანი ზრდა გვაქვს გენერალური ტვირთების მიმართულებითაც: 2023 წლის პირველ სამ თვეში ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გენერალურმა ტვირთმა 1 229 548 ტონა შეადგინა. აქედან ბათუმში გადამუშავდა 107 176 ტონა, ფოთში – 115 589 ტონა.
საქართველოს ნავსადგურებში 39 პროცენტით შემცირებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა, რაც 1 190 301 ტონაა. ეს განპირობებულია ბაქო-სუფსის მილსადენის ფაქტორით, შესაბამისად სუფსის ნავთობტერმინალს 2022 წლის აპრილიდან აღარ მიუღია გემები (ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორი გემი დამუშავდა 2023 წლის თებერვალში).
წინა წელთან შედარებით, 23-პროცენტიანი კლების მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე ნაყარი ტვირთების კუთხითაც, რომლის რაოდენობამ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში 917 706 ტონა შეადგინა. თუმცა, ზოგადი კლების მიუხედავად, ბათუმში ნაყარი ტვირთის მოცულობა შენარჩუნდა (ბათუმი – 325 368 ტონა) და შარშანდელთან შედარებით 0.5 პროცენტით გაიზარდა. აქვე, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ნაყარი ტვირთების 112-პროცენტიანი ზრდა გვქონდა“, – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.