ქართველი კაპიტნის მეთაურობით, მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 34 ადამიანი გადაარჩინეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით, მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 34 ადამიანი გადაარჩინეს.
„20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემს, Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.
ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით, დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00). ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.
აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე“, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.