საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ნიგერიაში მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის ღონისძიებები მიმდინარეობს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ ნიგერიაში ქართველი მეზღვაურების გატაცება განსაკუთრებული ძალადობის გამოყენებით არ მომხდარა. მისივე თქმით, 10 გატაცებულიდან ცხრა საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი უკრაინის. გარდა ამისა, გემზე რჩება კიდევ ოთხი ქართველი მეზღვაური.
იოსელიანის განცხადებით, სააგენტომ ინფორმაცია გუშინ მიიღო და საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებთან და ბერძნულ გემთმფლობელ კომპანიასთან ერთად უკვე დაწყებულია ღონისძიებები, რათა მეზღვაურების დროულად გათავისუფლდნენ
„კომუნიკაცია შედგა ოჯახებთან, პირადად შევხვდი მათ. გავაცანი არსებული ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით კონტაქტზე მათთან, გემფლობელთან და ყველა იმ ორგანოსთან, რომელიც ჩართულია პროცესში. გემზე დარჩენილია ოთხი ქართველი მეზღვაური, რომლებიც არიან ჯანმრთელი და უვნებელი. ჩვენ მათთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ისინი უკვე გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილზე. გემთმფლობელი არის პასუხისმგებლიანი და ჩვენ მასთან თანამშრომლობით იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ ქართველი მეზღვაურების უვნებლად დაბრუნებას“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიაში მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ცხრა საქართველოს მოქალაქეა.