საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურების ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, მეკობრეები კავშირზე არ გამოსულან.
„სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუდმივ კავშირზეა ბერძნულ გემთმფლობელ კომპანიასთან, როგორც კი ექნება კომპანიას რაიმე სიახლე, გვაცნობებს“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ზაზა მახარაძემ.
მახარაძის ინფორმაციით, ტოგოს ნავსადგური, საიდანაც მოხდა მძევლების აყვანა, აფრიკაში ერთ-ერთ უსაფრთხო პორტად ითვლება, გარდა ამისა, ტანკერზე იმყოფებოდა შეიარაღებული დაცვა, ამდენად უცნობია, როგორ მოახერხეს მეკობრეებმა იქ შეღწევა და მძევლების აყვანა.
პრაქტიკიდან გამომდინარე, მეკობრეები შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ჩნდებიან და გამოსასყიდ თანხას ითხოვენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბერძნულ კომპანიას აქვს მეკობრეებთან ურთიერთობის გამოცდილება და მაქსიმალურად შეეცდება, დაცული იყოს გატაცებულთა უსაფრთხოება.
ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან მეკობრეებმა ოთხი მეზღვაური გუშინ გამთენიისას გაიტაცეს. გატაცებულთაგან ერთი საქართველოს, ორი ფილიპინებისა და ერთი საბერძნეთის მოქალაქეა.