საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს ინფორმაციას ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს ინფორმაციას ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სომხეთის ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილიდან ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
კონკრეტული გადაზიდვების შესახებ ცნობას რაც შეეხება, აპრილში პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, Haci Musa Ucak-მა (IMO 9128544) ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას.
რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შეაბამისად, თუკი გემი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.