სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. დღეს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 25 წლის მამაკაცი, წმინდა ლაზარეს სახელობის კლინიკაში კი 41 წლის ქალი გარდაიცვალა.
მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცმა საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომაროება გრიპის ვირუსის ფონზე დამძიმდა. ახალგაზრდა მამაკაცი 29 დეკემბრიდან ჯერ რუსთავის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა ორივე ფილტვის ანთება და მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება გამთენიისას გარდაცვლილ 41 წლის ქალს, პაციენტმა სამკურნალო დაწესებულებას ვირუსის სიმპტომებით დაგვიანებით მიაკითხა, ორკვირიანი მკურნალობა კი უშედეგო აღმოჩნდა.
ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანიდან 24 საათში დამძიმდა. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ჭარბი წონა, რამაც შემდგომში განაპირობა თირკმლის უკმარისობის ჩამოყალიბება. ასევე, დაფიქსირდა გულის უკმარისობის პირველი ხარისხი.
„პაციენტი დაახლოებით 10 დღით ადრე მკურნალობდა სხვა კლინიკაში, სადაც მან მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა. ბინაზე მკურნალობა არ გაუგრძელებია და როდესაც ჩვენს კლინიკაში შემოვიდა, იყო უკვე საკმაოდ მძიმე ფორმის პნევმონია. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, იყო თუ არა H1N1. ლაბორატორიული კვლევებით, რაც ჩვენთან არის ჩატარებული, ეს დიაგნოზი არ არის დადასტურებული. ქრონიკული დაავადებებიდან ჩვენთან დიაგნოსტირებულ იქნა გულის უკმარისობის პირველი ხარისხი და ჰქონდა უნივერსალური სიმსუქნე, იყო ჭარბწონიანი“, – განაცხადა წმინდა ლაზარეს კლინიკის მენეჯერმა, ნანა კვანტალიანმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის არის H1N1.