სავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ. აღნიშნული ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. პროექტის ინიციატორი განათლების სამინისტროა.
საკანონმდებლო ცვლილებას პირველი მოსმენით დღეს განათლებისა და თავდაცვის კომიტეტებზე განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე წარადგენს.
მოქმედი ნორმის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო, რაც განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისკრიმინაციულ პირობებში აყენებდა.
უწყებაში იმედი აქვთ, რომ კანონპროექტი უმრავლესობის მხარდაჭერასაც მოიპოვებს და მეცხრე მოწვევის პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას დაამტკიცებს.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება ქვეყნისთვის პრიორიტეტია, ცვლილება პროფესიულ სასწავლებლებს მეტ მოქნილობას მისცემს, ახალგაზრდებს კი თვითრეალიზაციის მეტ შესაძლებლობას.
„ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების უწყვეტი მიღების შესაძლებლობა, რათა სასკოლო საშუალო განათლების შემდეგ პირდაპირ შეძლონ გააგრძელონ სწავლა. ასეთ შესაძლებლობას ჯარის კანონი იძლეოდა მხოლოდ უმაღლესი განათლების მიმართულებით და მთავრობის ინიციატივის შესაბამისად. თუკი ეს კანონპროექტი შევა ძალაში, ეს შესაძლებლობა ასევე გავრცელდება პროფესიულ სასწავლებლებშიც. ვინაიდან პროფესიული კვალიფიკაციები და პროფესიული განათლება გახლავთ დღეს ჩვენი ეკონომიკისა და შრომის ბაზრის პრიორიტეტი, რადგანაც მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა სწორედ პროფესიულ კვალიფიკაციას მოითხოვს და უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ეს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და წარმატებისთვის. სწორედ ამიტომ მოხდა ამ კანონპროექტის ინიცირება“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება კანონპროექტის მიხედვით შესაძლებელი იქნება ერთჯერადად, ერთი პროგრამის დასრულების ჩათვლით, რაც ორი წელი გრძელდება. ორი წლის შემდეგ კი ახალგაზრდები კვლავ შეძლებენ სამხედრო ვალდებულების მოხდას სახელმწიფოს წინაშე. კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას ითვალისწინებს.