სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პროფესიული განათლების რეფორმის საკითხებზე ბათუმში შეხვედრა გამართა
პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შეხვედრა ბათუმში გამართა.
ღონისძიებებზე, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროფესიული განათლების რეფორმისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების საკითხში სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით პალატა აქტიურად მუშაობს, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის ეფექტიანად კოორდინირებისთვის და დუალური განათლების პოპულარიზაციისთვის ქმნის საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას.
შეხვედრებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი.
მსგავსი სახის შეხვედრები უკვე გაიმართა ოზურგეთში, ზუგდიდში, გორსა და ქუთაისში.