საული ნიინისტო - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს ცვლის
ფინეთის წევრობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც ცვლის ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლებს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების ცერემონიალზე განაცხადა.
„ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის დრო დასრულდა. ახალი დრო იწყება. ყველა ქვეყანა აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, ასე იქცევა ფინეთიც. ნატო-ს წევრობა აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და მანევრის სივრცეს. როგორც პარტნიორი, დიდი ხნის განმავლობაში ვმონაწილეობდით ნატო-ს საქმიანობაში. როგორც მოკავშირე, ფინეთი წვლილს შეიტანს ნატო-ს კოლექტიურ შეკავებასა და თავდაცვაში. ფინეთის წევრობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც ცვლის ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლებს. ფინეთი სტაბილური და პროგნოზირებადი ქვეყანაა, რომელიც ესწრაფვის დავების მშვიდობიან გადაწყვეტას“, – თქვა საული ნიინისტომ.
ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა.