საუდის არაბეთის ერთ-ერთ ოაზისში 4000 წლის წინანდელი ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
საუდის არაბეთის ერთ-ერთ ოაზისში 4000 წლის წინანდელი ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

თანამედროვე საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოაზისში 4000 წლის წინანდელი გამაგრებული ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს. არქეოლოგთა განცხადებით, ეს აღმოჩენა ცხადყოფს, როგორ იცვლებოდა იმ დროის ცხოვრება ნელ-ნელა მომთაბარე სტილიდან ურბანულზე.

ქალაქის ნაშთები, რომელსაც ალ-ნათაჰი უწოდეს, დიდხანს იმალებოდა გალავნიანი ოაზისის, ხაიბარის ქვეშ; ეს მწვანე, ნაყოფიერი ოაზისი არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთში, უდაბნოში მდებარეობს.

2024 წლის დასაწყისში, ფრანგმა არქეოლოგებმა იქ 14,5 კმ სიგრძის კედელი აღმოაჩინეს.

ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა, ფრანგულ-საუდელ მკვლევართა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ეს გალავანი საცხოვრებელი სივრცის გარშემოა აგებული.

მკვლევართა განცხადებით, ამ მოზრდილ ქალაქში თითქმის 500 ადამიანს უნდა ეცხოვრა და აგებულია დაახლოებით ძვ. წ. 2400 წელს, ადრეულ ბრინჯაოს ხანაში.

კვლევის ხელმძღვანელის, გილომ შარლუს განცხადებით, დაახლოებით ათასი წლის შემდეგ, გაურკვეველ მიზეზთა გამო, ქალაქი მიატოვეს.

მაშინ, როცა ალ-ნათაჰი ააშენეს, ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ, ლევანტის რეგიონში, თანამედროვე სირიიდან იორდანიამდე, მრავალი ქალაქი ყვაოდა.

მიიჩნევა, რომ იმ დროისათვის, ჩრდილო-დასავლეთ არაბეთი უნაყოფო უდაბნო იყო, რომელსაც ხანდახან კვეთდნენ მწყემსი მომთაბარეები და გზადაგზა სამარხებსაც ტოვებდნენ.

15 წლის წინ, ასეთი შეხედულება შეიცვალა, როცა არქეოლოგებმა ტაიმას ოაზისში, ხაიბარის ოზაისის ჩრდილოეთით, ბრინჯაოს ხანის გალავნები აღმოაჩინეს.

ამ აღმოჩენამ მეცნიერები ამ ოაზისების უკეთესად შესწავლისთვის შეაგულიანა.

ალ-ნათაჰი იმდენად კარგადაა „დალუქული“ შავი ვულკანური ქვით, ბაზალტით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში დაცული იყო არალეგალური გათხრებისგან.

თუმცა, ძეგლის აეროდაკვირვებებმა გამოავლინა პოტენციური გზები და სახლების საძირკვლები, რამაც არქეოლოგებს მიუთითა, სად უნდა ჩაეტარებინათ გათხრები.

ასე აღმოაჩინეს საძირკვლები, რომლებიც შარლუს განცხადებით, იმდენად ძლიერია, რომ სულ მცირე ერთ ან ორსართულიანი სახლები უნდა დაეჭირა; ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ძეგლზე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

პირველადი შედეგები მიუთითებს 2,6-ჰექტარიან ქალაქზე, ბორცვზე მდგარ დაახლოებით 50 სახლზე, რომლებსაც გარშემო გალავანი ერტყა.

ნაქალაქარში აღმოჩენილ სამარხებში იპოვეს ლითონის იარაღები, მათ შორის, ნაჯახები და ხანჯლები, ასევე აქატის ქვები, რაც შედარებით მოწინავე საზოგადოებაზე მიუთითებს.

კერამიკის ნამტვრევები კი მიუთითებს შედარებით თანასწორ საზოგადოებაზე; კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს გახლავთ ძლიერ მარტივი, მაგრამ ძალიან ლამაზი კერამიკა.

გალავნის სიმაღლე დაახლოებით ხუთი მეტრი უნდა ყოფილიყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ალ-ნათაჰი წარმოადგენდა საკმაოდ ძლიერი ადგილობრივი მმართველის ქალაქს.

მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა ცხადყოფს „ნელი ურბანიზმის“ პროცესს, რომელიც მომთაბარედან უფრო სასოფლო ცხოვრების სტილში გადასვლას წარმოადგენდა.

მაგალითად, ფორტიფიცირებული ოაზისები შეიძლება ერთმანეთთან კონტაქტში ყოფილიყვნენ ჯერ კიდევ მწყემსი ნომადური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონში. ასეთმა მიმოცვლამ შეიძლება საფუძველი ჩაუყარა „საკმევლის გზას“, რომლითაც სამხრეთ არაბეთიდან ხმელთაშუა ზღვის რეგიონში სავაჭროდ გაჰქონდათ სანელებლები, საკმეველი და მური.

ალ-ნათაჰი მაინც პატარა ქალაქი იყო იმ პერიოდის მესოპოტამიისა და ეგვიპტის ქალაქებთან შედარებით.

თუმცა, უზარმაზარ უდაბნოში მისი გაშენება მაინც მიუთითებს ურბანიზაციის კიდევ ერთ გზაზე.

კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.