სატყეოს უფროსი აცხადებს, რომ ბორჯომის ტყეში ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობაა
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა აცხადებს, რომ ბორჯომის ტყეში ხანძრის გამოწვევაში სავარაუდოდ ადამიანის ხელი ურევია. თუმცა, მისი თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის კერა არ არსებობს.
„მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება. ფართობი დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდეა. ვფიქრობ, მალე ლიკვიდირებული იქნება. ადგილი მიუვალია, ვფიქრობ, ნებსით თუ უნებლიეთ ადამიანის ხელი ურევია, შესაძლოა, დაუდევრობა იყოს, ამას გამოძიება დაადგენს.
ბუჩქნარი დაიწვა ძირითადად, ხმელ ნარჩენებს გაუჩნდა ცეცხლი. მიუდგომელი ადგილია, თუმცა ცოცხალი ძალის დახმარებით მოვახდინეთ ლოკალიზება და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა.