სატურნის მთვარე ტიტანის უდიდესი კრატერი შეიძლება ბრწყინვალე ადგილი იყოს სიცოცხლის საძებნელად — #1tvმეცნიერება
სატურნის ცივი ბუნებრივი თანამგზავრი, ტიტანი, დიდი ხანია საგონებელში აგდებს მეცნიერებს, რომლებიც მზის სისტემაში დედამიწის მიღმა ეძებენ სიცოცხლეს. მისი ზედაპირი დაფარულია ორგანული ნახშირწყალბადებით, ყინულოვანი ქერქის ქვეშ კი სავარაუდოდ, წყლის ოკეანეა. ახალი კვლევის მიხედვით, თეორიულად შესაძლებელია, რომ ამ მთვარის ზედაპირზე ასტეროიდის ან კომეტის დაცემის შედეგად, ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს შეერიოს; ამ გზით წარმოქმნილი დარტყმითი კრატერები კი იდეალური ადგილი უნდა იყოს სიცოცხლის აღმოცენებისთვის.
„იდეა ძლიერ ამაღელვებელია. თუ გაქვს ძალიან ბევრი თხევადი წყლის მიერ ზედაპირზე წარმოქმნილი დროებითი, თბილი წყალსატევი, შეიძლება შენ წინაშე იყოს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო პირობებიც. და თუ ზედაპირიდან ოკეანეში ორგანულ ნივთიერებათა ციკლიც გაქვს, ოკეანე ცოტა კიდევ უფრო მეტად იქნება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი“, — ამბობს პარიზის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი და ტიტანის ექსპერტი, ლეა ბენეფოი.
მეცნიერთა აზრით, ოკეანე ტიტანის ქერქიდან დაახლოებით 100 კილომეტრის სიღრმეში იმალება; ამ დასკვნამდე ისინი 2012 წელს მივიდნენ, როდესაც ხომალდმა „კასინიმ“, რომელიც სატურნის სისტემას იკვლევდა, ტიტანის მოქცევების გარეგნული სახესხვაობები გაზომა.
კამპინასის უნივერსიტეტის პლანეტურმა გეოლოგმა ალვარუ პენჩიადუ კროსტამ იცოდა, რომ ტიტანზე საკმაოდ ბევრი დარტყმითი კრატერია. მას აინტერესებდა გაერკვია, იყო თუ არა რომელიმე ასეთი დარტყმა იმდენად ძლიერი, რომ ქერქი გაერღვია და ზედაპირზე არსებული ორგანული ნივთიერებები ქვეშ არსებულ წყალში ჩაეტანა. მისი თქმით, სწორედ ასე შეიძლება წარმოქმნილიყო ის პირველყოფილი „სოუსი“, რომელიც სიცოცხლის აღმოცენებისთვის არის საჭირო.
ამის გასარკვევად, მან და მისმა კოლეგებმა შექმნეს ტიტანის უდიდესი დარტყმითი კრატერის, 425 კმ სიგანის მენრვას მოდელი; ეს კრატერი ერთი მილიარდი წლის წინ უნდა წარმოქმნილიყო. როგორც მოდელირება მიუთითებს, კრატერი წარმოქმნილია 34 კმ სიგანის კოსმოსური ნამტვრევისგან, რომელიც ტიტანის ზედაპირს წამში 7 კმ სიჩქარით შეასკდა.
მოდელის მიხედვით, დარტყმის სიცხეს კრატერში ტბა უნდა წარმოექმნა. აღნიშნული მოდელი მკვლევართა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა მთვარისა და პლანეტური მეცნიერების კონფერენციაზე. სავარაუდოდ, ეს ტბა მხოლოდ ერთი მილიონი წლის განმავლობაში უნდა არსებულიყო, შემდეგ კი ტიტანის ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო გაყინულიყო.
თუმცა, პენჩიადუ კროსტა აღნიშნავს, რომ ეს დრო შეიძლება საკმარისი იყო მიკრობების აღმოცენებისთვის, რადგან იქ იყო თხევადი წყალი, ორაგნული მოლეკულები და დარტყმის შედეგად წარმოქმნილი სითბო. მისი თქმით, ეს ყველაფერი საკმაოდ კარგია ბაქტერიებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მათი კვლევა კრატერ მენრვაზე იყო ფოკუსირებული, პენჩიადუ კროსტა ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ტიტანის ყინულის ქერქის გასარღვევად უფრო პატარა დარტყმებიც იყო საკმარისი, მაგალითად, 5000 კილომეტრის იქით არსებული 90 კმ სიგანის კრატერი სელკი.
სელკი მენრვაზე გაცილებით ახალი კრატერია, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი წლის, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის ნებისმიერი მტკიცებულება იქ უფრო ახალი უნდა იყოს.
„სელკის შემთხვევაში უფრო მეტი შანსია, რომ ყინულში შემონახული იყოს გარკვეული სახის განმარხებული ბაქტერიები“, — ამბობს პენჩიადუ კროსტა.
საბედნიეროდ, გეგმის მიხედვით, სწორედ სელკის კრატერში დაჯდება NASA-ს მილიარდიანი მისია „დრაგონფლაი“ — ავტონომიური, ბირთვულ საწვავზე მომუშავე დრონი, რომელიც 2027 წელს გაეშვება და ტიტანზე 2036 წელს დაჯდება. მისია გაარკვევს, მართლაც გაარღვია თუ არა დარტყმამ ყინულოვანი ქერქი.
მისიის გახანგრძლივებულ ვადებში, „დრაგონფლაი“ შეიძლება სხვა კრატერებსაც ესტუმროს; მენრვა მისთვის ძალიან შორს არის, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ეს კრატერი რომელიმე სამომავლო მისიისთვის გახდეს დანიშნულების ადგილი.
მომზადებულია sciencemag.org-ის მიხედვით.