სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროს მემანქანეებს 2013 წლის შემდეგ ხელფასი რამდენჯერმე გაეზარდათ
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეების მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – „ერთობა 2013“ წევრებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წაუყენეს მოთხოვნა, მეტროს მემანქანეებისთვის სახელფასო განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, კავშირის წევრები ითხოვენ საათობრივი ტარიფის გაზრდას, რაც სახელფასო განაკვეთის 45%-ით ზრდას გულისხმობს.
|
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
მემანქანე ინსტრუქტორი |
1,824 |
1,962 |
1,968 |
2,046 |
2,158 |
ხაზის მემანქანე |
1,605 |
1,700 |
1,730 |
1,794 |
1,827 |
მოლაპარაკებების პროცესში სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6300-მდე თანამშრომელი და მათი პირობების გაუმჯობესება კომპანიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბოლო წლებში გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის.
კონკრეტულად, მეტროს მემანქანეებისთვის კეთილმოეწყო სპეციალური მოსასვენებელი ოთახები. ასევე თითოეულ მემანქანეს შესაძლებლობა აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია ტექნიკურ სკოლაში და მიიღოს უფრო მეტი ანაზღაურება (სწავლის პერიოდში მემანქანე იღებს ხელფასს), თანრიგის ცვლილების შესაბამისად.
კომპანიაში დაინერგა წელთა ნამსახურეობისა და ღამის სამუშაოების ტარიფების ზრდა, რაც დადებითად აისახა თანამშრომელების შემოსავლებზე.
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეების კონკრეტულ ჯგუფს უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე.
თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მემანქანეების გაფიცვამ არ გამოიწვიოს მეტროს გაჩერება და ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის შეფერხება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტროს მემანქანეების ნაწილმა დღეს განაცხადეს, რომ მეტროპოლიტენი 3 მაისს 06:00 საათიდან არ იმუშავებს, რადგან მათ მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს.