თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ხუთშაბათს მუშაობის შეჩერებას გეგმავენ
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ხუთშაბათს მუშაობის შეჩერებას გეგმავენ

მეტროპოლიტენი 3 მაისს დილის 6 საათიდან არ იმუშავებს, რადგან მეტროს მემანქანეები და დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა2013“ გაფიცვას აპირებენ, ამის შესახებ კავშირი „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მეტროს მემანქანეების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით მათ მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ უკიდურეს ზომას მიმართეს.

„ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი – სამართლიანი და ღირსეული ანაზღაურება. 2016 წელსაც ანალოგიური მოთხოვნა გვქონდა, მაგრამ მაშინ პოზიციები დავთმეთ. მერია იძახდა, რომ რესურსები არ იყო და 2017-ში გამოინახებოდა. დაპირება იყო, რომ ხელფასის ზრდა მოხდებოდა. მოლაპარაკებამ სამწუხაროდ შედეგი არ გამოიღო, მედიატორმა აწარმოა სამმხრივი შეხვედრები, სამწუხაროდ უშედეგოდ. მერია და სატრანსპორტო კომპანია აცხადებენ, რომ დღესაც არ არის რესურსი. იძულებული ვართ, გამოვიყენოთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ხუთშაბათს მეტეოპოლიტენი გავაჩეროთ“,- განაცხადა რატი კაპანაძემ.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა2013“-ის ინფორმაციით, გაფიცვას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული 240-ვე მემანქანე აპირებს. მათი მოთხოვნა ხელფასის 44%-ით, ანუ საათობრივი ანაზღაურების 7-დან 10 ლარამდე გაზრდაა.

მემანქანე ალექსანდრე გაზალაშვილის თქმით, ისინი ყოველდღიურად 7-8 საათის განმავლობაში მუშაობენ.

„ძალიან მძიმე პირობებში ვმუშაობთ, ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ზოგს სიმსივნე აქვს, ზოგს გულის პრობლემები. ანაზღაურება უფრო მაღალი უნდა იყოს, რომ  თავს მაინც მივხედოთ“.

მემანქანე არჩილ ორდენიძე აღნიშნავს, რომ 2013 წლის შემდეგ , გაზრდილი ინფლაციის ფონზე ანაზღაურება არ მომატებიათ. „მძიმე და საშიში პირობებია მეტროპოლიტენში. ყველანაირ მოლაპარაკებაზე წავედით, მაგრამ შედეგი არ გამოიღო და სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს. თუნდაც ერთი საათით რომ გაჩერდეს მეტროპოლიტენი, წარმოიდგინეთ რა მოხდება”,-აცხადებს მემანქანე.