სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების კანონპროექტზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ
სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხზე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ.
აკრძალვები, რომლებიც ახალი კანონპროექტით წესდება, აზარტულ თამაშებზე წვდომას ჯამში მილიონამდე ადამიანს შეუზღუდავს. საკანონმდებლო ცვლილებები აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება.
ასევე, მოხდება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა სიის შექმნა. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე, მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.
ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრეც და აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა ოჯახის წევრებს.
ასევე, ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი იზრდება. მეორე მოსმენაზე ინიციატორებმა პროექტში კანონის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. კერძოდ, 25 წლამდე პირებისთვის თამაშის შეზღუდვა და აზარტული თამაშების რეკლამირება, ნაცვლად პირველი იანვრისა, პირველი მარტიდან ამოქმედდება.
„გირჩის“ წევრები მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრისგან PR-სვლაა.
„შეუძლებელია, 21-ე საუკუნეში ადამიანებს აუკრძალო თამაში, თუ მათ ეს მართლა უნდათ. სამთავრობო შეზღუდვების გადალახვის იმდენი ტექნიკური საშუალება არსებობს, რომ ეჭვი გვაქვს, ეს კანონი არის უბრალოდ პიარული, რათა ბატონი პრემიერ-მინისტრის, როგორც ხალხზე მზრუნველის, რეიტინგმა აიწიოს. არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდებით, ალბათ ისევე ჩაარიხინებენ ამ კანონსაც, როგორც სხვა უამრავ კანონს „ქართული ოცნება“, და კრიტიკას დიდი შინაარსი არ აქვს. ერთადერთი, რაც იქნება, რომ ჩვენ ვეცდებით ამ კანონს განვითარება აღარ მოჰყვეს და შემდეგი დაპირებები, რომელიც გასცა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, აღარ შესრულდეს. იქნებ მხოლოდ რეკლამის აკრძალვით შემოვიფარგლოთ“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო მნიშვნელოვანი და პარლამენტმაც გაიზიარა.
„ჩვენ გვქონდა გარკვეული რეკომენდაციები ამ თემასთან დაკავშირებით. უკვე ორი მოსმენით გავიდა და დღეს გვაქვს მესამე მოსმენით. კომიტეტზე გავა და შემდეგ უკვე რიგგარეშე სესიაზე დამტკიცდება მესამე მოსმენით. მთავარი არსი რა არის, რომ დღეს სტატისტიკა ისეთი გვაქვს, ყოველდღიურად საქართველოს 800 000 მოქალაქეა ჩართული ამ ონლაინკაზინოების თამაშებში. აქედან ჩვენი ინიციატივა და მთავრობის ინიციატივა არის, რომ 25 წლამდე მოქალაქეებს შევუზღუდოთ წვდომა ონლაინკაზინოებთან. იმიტომ, რომ ბევრი ოჯახი გაუბედურდა, ბევრი ტრაგედია მოხდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამენაირად ყოველივე ამის პრევენცია რომ მოვახდინოთ და შევამციროთ, სწორედ ამისკენ არის აქცენტირებული ეს ინიციატივა. მგონია, რომ შედეგს მივაღწევთ. ჩვენ პრევენციას ვაკეთებთ ამით, რომ მომავალმა თაობებმა მაქსიმალურად შეზღუდულად იგრძნონ თავი ონლაინკაზინოებში ჩართვასთან დაკავშირებით. მგონია, რომ ჩვენ მოცემული ინიციატივით ამ შედეგს მივაღწევთ. გარდა ამ ონლაინკაზინოებისა, აქ იყო ტელევიზიებისა და რეკლამირების ნაწილში რეკომენდაცია, რომელიც მოდიოდა მედიასივრციდან, და ჩვენ გავითვალისწინეთ. მოკლედ, კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი პარლამენტში, პირველი იანვრიდან საგადასახადო ნაწილში დაბეგვრის რეჟიმი ამოქმედდება, ხოლო რეკლამა აიკრძალება პირველი მარტიდან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.