საგამოძიებო სამსახურმა უკანონო ონლაინსამორინეები გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო ონლაინსამორინეები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი კი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინგათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი ინტერნეტსამორინეების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.

უწყების ცნობით, დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100 000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-იდან 5 წლამდე ვადით.