სპორტსმენებმა და სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ დღეს პრესკონფერენცია გამართეს
სპორტსმენებმა და სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ დღეს პრესკონფერენცია გამართეს

სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობის შეწყვეტას გეგმავს. საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განმარტებით, აზარტული თამაშების რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, მათ აღარ ექნებათ ფინანსური რესურსები, რათა ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტირება განახორციელონ. ამის შესახებ დღეს სპორტსმენებმა და სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა, „სახელმწიფო ხელის გადაგრეხვის პრინციპზე გადავიდა“.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი შეთავაზებები, რომლებიც ასე თუ ისე აღმოფხვრიდა იმ პრობლემას და სახელმწიფო მიიღებდა იმას, რისი მიზანიც ჰქონდა. თუ სათამაშო ბიზნესი მავნეა, ის მავნეა ყველგან და არა მარტო დავუშვათ, სასარგებლოა გონიოში“, – განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

ამასთან, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის თქმით, სამწუხარო იქნება, თუ რომელიმე სპორტსმენი დაზარალდება და არ ექნება გვერდში დგომა.

„სპორტსმენისთვის, რომელიც უკვე გარკვეულ შედეგზეა გასული, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული მისი მზადების პროცესი და სამწუხარო იქნება, თუ რომელიმე სპორტსმენი დაზარალდება და გვერდით დგომა მათ არ ექნებათ“, – განაცხადა ტალახაძემ.

სპორტსმენის, კონსტანტინე ჯანაშიას თქმით კი, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების შემდეგ, შესაძლოა, სპორტსმენებს სპორტული კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ მოუწიოთ.

„არ გვაქვს ფუფუნება, რომ ბევრი სპონსორი გვყავდეს. ძალიან ცუდია, ეს შედეგზეც აისახება და შეიძლება, საერთოდ ბევრი სპორტსმენი წავიდეს საზღვარგარეთ და სხვაგან განაგრძოს სპორტული კარიერა“, – განაცხადა კონსტანტინე ჯანაშიამ.

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედ კომპანიებს. „ჩვენი დიდი წუხილის მიუხედავად, ეს ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში შემდგომ ინვესტირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი