სასწრაფო სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ვაკეში უბედური შემთხვევა მძღოლის ჩაძინების გამო არ მომხდარა
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბერეკაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვაკეში უბედური შემთხვევა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის ჩაძინების გამო მოხდა.
ირაკლი ბერეკაშვილი დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ მძღოლი დაკავებულია.
„დღეს დილით სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟი შეეჯახა ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ მშენებლობაზე მომუშავე მოქალაქეებს. შედეგად, 12 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ჩვენი ექიმებიც. ყველა მათგანი გადაყვანილია სამედიცინო ცენტრებში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. სამწუხაროდ, ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახელით გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ ოჯახს“,-განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა გადატვირთულ გრაფიკზე გაამახვილა ყურადღება.
„საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში სასწრაფო დახმარების ცენტრს უწევს რთული მუშაობა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, მძღოლს არ ჩაძინებია, უბრალოდ მოხდა ასეთი უბედური შემთხვევა“,-ამბობს ბერეკაშვილი.
მისივე თქმით, საავტომობილო კატასტროფაში მოხვედრილ ეკიპაჟს ახალი მანქანა ემსახურებოდა.
რაც შეეხება გამოძახების სტატისტიკას, სასწრაფო სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ გუშინდელთან შედარებით, გამოძახებები რამდენიმე ასეულით შემცირებულია.
„ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ წინა დღეებში სასწრაფოს გამოძახება საშუალოდ 2500 ზარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით, ამ ციფრმა დაიწია 2100-მდე, რაც დადებითი ტენდენციაა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც ხუთი სამედიცინო დაწესებულება გადაიყვანა 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე და შესაბამისად, გრიპისა და გრიპისმაგვარი სიმპტომების მქონე მოქალაქეების გადამისამართება მოხდა“,-განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.