სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლაში“ კლასგარეშე სწავლებაც იქნება შესაძლებელი, მათ შორის ინგლისური ენის შესწავლა ნებისმიერი მსურველისთვის
განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლაში“ კლასგარეშე სწავლებაც იქნება შესაძლებელი. ინგლისური ენის გაკვეთილების ნახვის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ასაკის მაყურებელს, რომელსაც ინგლისურის შესწავლა სურს.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, „ტელესკოლაში“ ასევე ნაჩვენები იქნება ფილმები ინგლისურ ენაზე.
„მშობლებს ველოდებით ტელეეკრანებთან, რადგან გვაქვს ახალი შეთავაზება-ინგლისური ყველას. გარდა იმისა, რომ სკოლის მოსწავლეები თავისი პროგრამით გაივლიან ინგლისურ ენას, მგონია, რომ ინტერაქტიული და ახალი მეთოდები იქნება ჩადებული ჩვენს სწავლებაში. ვისაც აინტერესებს პროფესიული ინგლისურის შესწავლა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი და ინტერაქტიული პროგრამა არის მომზადებული, რაც მნიშვნელოვანია. ამით ჩვენ განაცხადს ვაკეთებთ, რომ მაყურებელმა კარგად შეისწავლოს ინგლისური ენა და სამომავლოდ დასაქმებაში ხელი შეეწყოს.
„ტელესკოლას“ ძალიან ბევრი სიახლე აქვს, დავამატებ იმასაც, რომ ფილმები, რომელსაც მაყურებელს გაკვეთილებთან ერთად შევთავაზებთ, იქნება ინგლისურ ენაზე“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
„ტელესკოლა“ 15 სექტემბრიდან სრულად დაიწყებს მაუწყებლობას. გაკვეთილების ცხრილი მოიცავს ყველა გაკვეთილს და სასწავლო გეგმას მიჰყვება.
„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომელიც 30 მარტს დაიწყო.