სასულიერო პირები ჯანდაცვის ექსპერტებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ
სასულიერო პირები ახალქალაქსა და ახალციხეში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, ჯანდაცვის ექსპერტებსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 2021 წლის 11 თებერვლის წმინდა სინოდის დადგენილების თანახმად, „ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს“.
საქართველოს საპატრიარქომ, შესაძლებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო – თბილისის წმინდათა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი – ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა. თუმცა, „პანდემიასთან დაკავშირებით ეკლესიის წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა, საზოგადოების მომზადება“, რაც გულისხმობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხის გაცემას და ვითარების მართებულად გაანალიზებას. ეს კი, რა თქმა უნდა, „ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.
შესაბამისად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სწორედ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა იმუნიზაციის პროგრამები საქართველოში, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვაქცინის დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტიანობა და სხვ. გაიმართა დისკუსია.
სამცხე-ჯავახეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მღვდელი გიორგი ფირცხელანი და სხვა სასულიერო პირები, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები: იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე, ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი, – აღნიშნულია ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.