თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირები არიან შეკრებილი
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირები არიან შეკრებილი

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირები არიან შეკრებილი.

მათი განცხადებით, ისინი არ ენდობიან „თბილისი პრაიდის“ გადადებასთან დაკავშირებით ორგანიზატორების განცხადებას და მაინც რჩებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

ამასთან, როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, მათი ნაწილი ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბება და პარაკლისს გადაიხდის.

„ჩვენ აქ შეკრებილი ვართ და კიდევ გრძელდება შეკრება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების მიერ დაორგანიზებული და მათი მხარდამჭერით გასამართი პრაიდის გასაპროტესტებლად. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი შეკრების ფორმატსა და სახეში ყველაფერი ჩანს. ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რაც ახლა ხდება და მიუხედავად იმისა, რომ გამთენიისას გამოაცხადეს, რომ „თბილისის პრაიდი“ გადაიდება, ჩვენ მაინც ყურადღებით ვართ. რაც შეეხება გეგმებს, ყველგან ვიქნებით, სადაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ ჩვენი ღირსება იყოს დაცული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ პრაიდებს, უცხო ქვეყნის მიერ დაფინასებული ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრაიდებს გეგმავენ, რომ ჩვენ ვართ საქართველოში და ამას ეყოლება ყოველთვის მოწინააღმდეგეები“, – განაცხადა დეკანოზმა, დავით ლასურაშვილმა.

მისი თქმით, დაიკავებენ ყველა იმ სივრცეს, სადაც „თბილისი პრაიდი“ მარში გამართვას მოისურვებს.

„თბილისი პრაიდს“ ჩვენ არ ვუჯერებთ, რომელ წამს რას გააკეთებენ, არ ვიცით. დღეს იყო დაანონსებული გამართვა, რომელ წამს რას იზამენ, არ ვიცით, ამიტომ ვრჩებით აქ და ვართ ყურადღებით, რადგან ეს გადადება შეიძლება, იყოს ერთ საათიანი ან ნახევარ საათიანი. ჩვენ ყველა იმ სივრცეს დავიკავებთ, სადაც ისინი მოისურვებენ ამ ივენთის გაკეთებას“, –  განაცხადა დეკანოზმა.

ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 06:30 საათიდან დაიწყეს შეკრება კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. ისინი აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.