სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, წირვა-ლოცვა აღევლინა
სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, წირვა-ლოცვა აღევლინა

სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს წირვა-ლოცვა აღევლინა. იგი ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნულმა ტაძრის ახალმა წინამძღვარმა, გოჩა ლიპარტელიანმა აღავლინა.

წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათი თქმით, სალხინოში მეუფე სტეფანეს მხარდასაჭერად ჩავიდნენ. ისინი მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდებენ.

მღვდელმსახურება მშვიდ ვითარებაში წარიმართა. წირვის დროს ტაძრის მიმდებარედ ადგილობრივი სასულიერო პირები არ გამოჩენილან. მათი თქმით, ამ ქმედებით ცდილობენ მრევლს შორის დაპირისპირება აირიდონ თავიდან.

რაც შეეხება იმ სასულიერო პირებს, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მოსანანიებლად ვადა განუსაზღვრა, ბოდიშის მოხდას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ არაფერი დაუშავებიათ და შესაბამისად, მოსანანიებელი არაფერი აქვთ.

ამ დროისთვის სალხინოში სიმშვიდეა. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ადამიანების ნაწილმა ტაძარი უკვე დატოვა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში გუშინ სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.