სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში დაპირისპირება მოხდა

ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ვითარება პოლიციის ჩარევის შემდეგ დროებით განიმუხტა, თუმცა სიტუაცია ისევ დაძაბულია. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ გაწევ-გამოწევასაც. მონასტერში მღვდელმსახური გოჩა ლიპარტელიანი მსახურების ჩატარებას გეგმავდა, რისი საშუალებაც ადგილობრივმა სასულიერო პირებმა არ მისცეს.

ტერიტორიაზე იმყოფება მოქალაქეების ჯგუფიც. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივები არიან და სურთ ტაძარში შესვლა.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გუშინაც მოხდა. საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება იმეორებს იმავე პათოსს, რაც ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს.