სასტუმრო „რედისონთან“, სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ანგარიშს წარადგენს, აქცია მიმდინარეობს
სასტუმრო „რედისონთან“, სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ანგარიშს წარადგენს, აქცია მიმდინარეობს

თბილისში, სასტუმრო „რედისონთან“, სადაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სასტუმროსთან საპროტესტო შინაარსის ტრანსპარანტებით მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მივიდნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ, ადამიანის უფლებებზე ისაუბრონ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე სასტუმროს ფოეში ტრანსპარანტებით მაშინ შევიდა, როცა ღონისძიებაზე მისული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა. აქციის მონაწილეები დაცვამ ადგილს გაარიდა.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მიმდინარე აქციაც აჩვენებს, როგორი მიდგომა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ასეთი რამის გაკეთება წარმოუდგენელი იყო და ამის გამო ადამიანებს აპატიმრებდნენ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საზოგადოებას დღეს  კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს  წარუდგენს. ანონსის თანახმად, ღონისძების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის მთავარი მენეჯერი თეონა ყუფუნია.