ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 2 000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვრები 25 წლიანი იჯარით გადაეცემა
ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვრები 25 წლიანი იჯარით გადაეცემა. აღნიშნული საკითხი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
მისი თქმით, ჯამში ეს ეხება 134 ადგილობრივ მოსახლეს, რომელთაც 500 სულზე მეტი საქონელი ჰყავთ.
„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომელიც სათიბ-საძოვრებს ეხება, რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით. წინა სხდომაზე მოგახსენეთ და ჩვენ უკვე რამდენიმე კოოპერატივს გადავეცით სათიბ-საძოვრები. დღეს კიდევ გამოგვაქვს, ჯამში ეს არის 134 ადგილობრივ მოსახლეზე, რომელთაც საქონლის რაოდენობა 500 სულზე მეტი ჰყავთ. გადავცემთ 25 წლიანი იჯარით 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარს, ეს არის ორი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამით ასევე, გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის ტრაქტორების თანადაფინანსებით გადაცემა.
„ეს პროგრამა იმასაც ითვალისწინებს და ძალიან მნიშვნრლოვანია, რომ კოოპერატივებს თანადაფინანსებით გადაეცემათ ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინვენტარით. რაჭაში კოოპერატივების წარმომადგენლებთან ჩემი წინა შეხვედრისას მათ დასვეს საკითხი, რომ ტექნიკა არის ძალიან დიდი პრობლემა. სწორედ ამიტომ ეს გავითვალისწინეთ და ასეთი ტიპის ტექნიკა კოოპერატივებს გადაეცემა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის წინა სხდომაზე, 25-წლიანი იჯარით სათიბ-საძოვრები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს კასპის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში გადაეცა.