როდესაც მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის პოვნას ეხება საქმე, ძებნის დასაწყებად ყველაზე კარგ ადგილებად დედამიწის მსგავსი პლანეტები მიიჩნევა. ასეთ პლანეტებს შორის, უკვე შეგვიძლია მივესალმოთ ახალ ობიექტს, სახელად TOI 700 e-ს.
დადასტურდა, რომ TOI 700 e საკუთარი ვარსკვლავის, TOI 700-ის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს. ეს გახლავთ რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც ტემპერატურა ხელსაყრელია იქ მოძრავ პლანეტათა ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის. სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის არსებობისათვის ყველაზე შესაფერისად მიიჩნევა პლანეტები, რომლებიც საკმაოდ თბილია და ყინულის საფარში გახვეული ვერ იქნებიან, მაგრამ არის იმისათვის საკმარისი სიცივეც, რომ ორთქლი კონდენსირდეს.
TOI 700 e აღმოაჩინა NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა. ის საკუთარი სისტემის სასიცოცხლო ზონის მეორე პლანეტაა — პირველი, TOI 700 d, იქ 2020 წელს შენიშნეს.
„ასეთი პატარა, სასიცოცხლო ზონის პლანეტების მქონე სისტემა ჩვენთვის სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელია ცნობილი“, — ამბობს NASA-ს პლანეტური მეცნიერი ემილი გილბერტი.
მისი განცხადებით, სწორედ ამის გამო, TOI 700 სისტემა საკმაოდ საინტერესოა შემდეგი კვლევებისთვის. პლანეტა e ათი პროცენტით პატარაა პლანეტა d-ზე; შესაბამისად, ეს სისტემა გვიჩვენებს, როგორ გვეხმარება TESS-ის დამატებითი დაკვირვებები სულ უფრო და უფრო პატარა პლანეტების აღმოჩენაში.
TOI 700 პატარა, ცივი ვარსკვლავია (M ჯუჯა ვარსკვლავი) და მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 100 სინათლის წლის მანძილზე, ოქროს თევზის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ზომისა და სითბოს თვალსაზრისით, ამ ტიპის ვარსკლავები ჩვენს მზესთან ახლოსაც ვერ მოვლენ და შესაბამისად, იმისათვის, რათა მათი პლანეტების ზედაპირზე თხევადი წყლისთვის ხელსაყრელი გარემო იყოს, ისინი ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს უნდა იყვნენ.
TOI 700 e ზომაში დაახლოებით დედამიწის 95 პროცენტი უნდა იყოს, ძირითადად კლდოვანი. მოძრაობს „ოპტიმისტურ“ სასიცოცხლო ზონაში — ზონაში, რომელშიც დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება თხევადი წყალი არსებობდა. TOI 700 d მდებარეობს უფრო ვიწრო, „კონსერვატიულ“ სასიცოცხლო ზონაში, რომელშიც, ასტრონომთა აზრით, მისი არსებობის უმეტეს პერიოდში თხევადი წყალი უნდა არსებობდეს.
ეგზოპლანეტებს ტელესკოპები ხედავენ დედავარსკვლავთა სინათლეში რეგულარული ჩაბნელებების საფუძველზე, რაც ამ ვარსკვლავთა წინ პლანეტების ჩავლით, ანუ ტრანზიტით არის გამოწვეული. რაც უფრო მეტად იბლოკება ვარსკვლავის სინათლე, მით უფრო დიდია პლანეტა და შესაბამისად, ადვილად შესამჩნევიც, ვიდრე პატარა, კლდოვანი პლანეტები; სწორედ ამიტომ არის დედამიწის ზომის პლანეტების აღმოჩენა იშვიათი და განსაკუთრებული მოვლენა.
TOI 700 e თავის ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 28 დღეს ანდომებს, შედარებით უფრო შორს მდებარე მეზობელი TOI 700 d კი 37 დღეს. ვინაიდან As TOI 700 e უფრო პატარაა, ვიდრე TOI 700 d, უფრო მეტი მონაცემი იყო საჭირო, რათა დადასტურებულიყო, რომ ეს სილუეტი ნამდვილად პლანეტას წარმოადგენდა.
„ვარსკვლავი რომ ოდნავ ახლოს ყოფილიყო ან პლანეტა ყოფილიყო ცოტათი დიდი, TOI 700 e შეიძლება TESS-ის პირველივე წლის მონაცემებში შეგვემჩნია. მაგრამ სიგნალი იმდენად სუსტი იყო, რომ მისი იდენტიფიცირებისთვის კიდევ ერთი წლის ტრანზიტზე დაკვირვება დაგვჭირდა“, — ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ბენ ჰორდი.
TESS-ი დაახლოებით 100 მილიონ ვარსკვლავს ადევნებს თვალყურს და ნებისმიერი გზა, რომელიც სიცოცხლის ძებნას გააადვილებს, გამოსადეგია. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ვარსკვლავთა სასიცოცხლო ზონებში არსებულ პლანეტათა პოვნა.
მკვლევართა აზრით, TOI 700 e და TOI 700 d გრავიტაციულად ჩაკეტილი პლანეტებია, ანუ მათი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავის მხარეს არის მოქცეული, მეორე კი პირიქით; ზუსტად ისე, როგორც მთვარე დედამიწასთან მიმართებაში. პლანეტის ერთ მხარეს მუდმივად წყვდიადის არსებობა კომპლექსური სიცოცხლის არსებობის ალბათობას ამცირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი „შესაფერისი“ პლანეტებიც კი არ არის სიცოცხლისათვის სრულყოფილი, მაინც შეუძლიათ ბევრი რამ გვითხრან ისეთი სისტემების შესახებ, რომლებიც შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს სიცოცხლისთვის.
„ამ დროისათვის 5000-ზე მეტი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი და TOI 700 e ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი“, — ამბობს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი ჯოი როდრიგესი.
კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია msutoday.msu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.