სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას ერთ-ერთ დაშავებულს ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებულები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის თელავის რეფერალური ჰოსპიტალისა და ყამბარაშვილის კლინიკის ექიმებისგან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო.
უწყების ცნობით, ერთ პაციენტს თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანენ. რეანომობილით მისი სამედიცინო ტრანსპორტირება უახლოეს დროში დაიწყება. რაიონულ კლინიკაში ოთხი პაციენტი რჩება, რომელთაც შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად ხუთი პირი დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა თელავის რაიონულ კლინიკებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, დღეს კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა.