საქართველოში დღეს მესაზღვრის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე სასაზღვრო სექტორებს დარიალსა და თრუსოს ესტუმრა. კეკელიძე სექტორებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო, იქ მყოფ მესაზღვრეებს შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სექტორ თრუსოზე სამი მესაზღვრე, დარიალში კი რვა მესაზღვრე სამკერდე ნიშნებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
„მინდა, ყველა მესაზღვრეს მივულოცო პროფესიული დღე. საზღვრის დაცვა ალბათ ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და კომპონენტია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მინდა, გადავუხადო მადლობა მათ, იმიტომ, რომ ისინი საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ პირნათლად ყველანაირ პირობაში. ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რამდენიმე სექტორის მოდერნიზებას. ასევე იცით, რომ გვაქვს გამოცხადებული რეფორმა, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ტექნოლოგიების მოდერნიზება. ამ მიზნით, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს პრაქტიკის გაზიარება და შემდეგ მორგება საქართველოს რელიფიებსა და კლიმატზე. კიდევ ერთხელ ვულოცავ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს“, – განაცხადა თემურ კეკელიძემ.
დაჯილდოებულებს შორის იყო საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა მესაზღვრე გელა ჩაბაკაური. ის მესაზღვრედ 2015 წლს დეკემბრიდან მუშაობს.
„მამაჩემი პირველი მესაზღვრე იყო. ორი წელია, რაც საზღვარს ვიცავ. როდესაც შენი ქვეყნის საზღვარს იცავ, დიდი პასუხისმგებლობაა“, – აცხადებს გელა ჩაბაკაური, რომელიც, სწავლასთან ერთად, ქვეყნის სახელმწიფო საზღვარს იცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მესაზღვრის პროფესიულ დღეს უკვე მეცხრამეტედ აღნიშნავს.