სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე – 1996 წელს დაბადებული ფ.ი. და თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე -1990 წელს დაბადებული ს.ჰ. და 1989 წელს დაბადებული ჩ.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.