სასამართლოში განმარტავენ, რომ ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის არა ბოდიშის მოხდა, არამედ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა
თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ ქორეპისკოპოს იაკობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის არა ბოდიშის მოხდა, არამედ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქორეპისკოპოს იაკობს ასევე დაეკისრა სიმბოლურად ერთი ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.
„2018 წლის 11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო საქმის განხილვა, მოსარჩელე მიხეილ რ.-სა და მოპასუხე კონსტანტინე ი.-ს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის არსს წარმოადგენდა ტელეკომპანია ,,იბერია“-ს ეთერში, გადაცემა ახალ ამბებში მოხსენიებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის დადგენა, ამის შესახებ ცნობის გამოქვეყნება და ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება.
საქმე ეხება, 2017 წლის 21 სექტემბერს, მოსარჩელის მისამართით მედიაში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელე მოიხსენია, როგორც მაბეზღარა ადამიანი და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს.
მას შემდეგ, რაც სხდომაზე დაიკითხა სანდრო გირგვლიანის ოჯახის წარმომადგენელი და ასევე სხვა ადვოკატი (რომელიც მოსარჩელესთან ერთად იცავდა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იმ საქმეში), რომლებმაც ხაზი გაუსვეს მოსარჩელის კეთილსინდისიერებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მცდარია განცხადება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დაევალა ბოდიშის მოხდა, ასეთ შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს. მოპასუხეს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; მოპასუხეს ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.