სასამართლომ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსგენდერი ქალის მიმართ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ბ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ო.-მ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს. ბ.ო.-ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბ.ო. 2018 წლის 31 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.