ტრანსგენდერი ქალის ადვოკატი გამოძიების გაგრძელებას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლითაც ითხოვს
ტრანსგენდერი ქალის ადვოკატი გამოძიების გაგრძელებას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლითაც ითხოვს

ტრანსგენდერ ქალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის დაკავება დროული და აუცილებელი იყო. რაც შეეხება კვალიფიკაციას, მიგვაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უნდა დაზუსტდეს, – ამის შესახებ ტრანსგენდერი ქალის ადვოკატმა, ელისო რუხაძემ კავშირ „საფარის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ახალგაზრდა მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დააკავა და გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ადვოკატი კიდევ ერთი მუხლის დამატებას მოითხოვს, რომელიც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ეხება. მისი თქმით, კვალიფიკაციის დამძიმება ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, რომელიც ცემის შედეგად ფაღავას სხეულზე არსებულ ფიზიკურ დაზიანებებს დაადასტურებს.

„ჯანმრთელობის დაზიანების შესაბამისი მუხლი უნდა დაემატოს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეს და ასევე აუცილებლად უნდა დაემატოს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლი. ამჟამად მირანდა ფაღავას საქმე წარმოებულია 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის ძალადობის მუხლი და მხოლოდ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას მოიცავს, თუმცა მოცემულ დანაშაულთან მიმართებით ეს არის ძალიან მცირე სასჯელი, ვინაიდან საკმაოდ მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი. მით უმეტეს, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ფაღავას ადვოკატმა, ელისო რუხაძემ.

თავად ტრანსგენდერი ქალი კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ გამოძიებამ საქმეში დისკრიმინაციული მოტივი გამოკვეთა, თუმცა მისი მოთხოვნაა, დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. მისი თქმით, თავისუფლების შემთხვევაში, იმავე პიროვნების მხრიდან მასზე და სხვა ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის საშიშროება კვლავ არსებობს.

„ეს ადამიანი კრიმინალია და კრიმინალი უნდა ისჯებოდეს. ეს პიროვნება ყოფილა ჩემი მეზობელი, თუმცა პირადად არ ვიცნობდი. ჩემი ტრანსგენდერი მეგობრები დამიკავშირდნენ და აღმოჩნდა, რომ სხვა ტრანსგენდერ ადამიანებსაც ჰქონიათ ამ პიროვნებასთან პრობლემები“, – განაცხადა მირანდა ფაღავამ.

ინციდენტი ახალგაზრდა მამაკაცსა და ტრანსგენდერ ქალს შორის 28 იანვარს მოხდა. ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი გუშინ დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.