სასამართლომ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის საკუთარ თავს და აქციის მონაწილეებს იცავდა. მისივე თქმით, აქციის დროს სამართალდამცველები არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ.
ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. დაცვის მხარე გიორგი ოკმელაშვილის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
საქმის წინასასამართლო პროცესი 4 ივლის გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ოკმელაშვილმა მიმდინარე წლის 13 მაისს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. უწყების ცნობით, აქციის მიმდინარეობისას დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.