სასამართლომ Myway Airlines-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის საფუძველზეც ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს მომავალში შეძლებს
სასამართლომ Myway Airlines-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის საფუძველზეც ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს მომავალში შეძლებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ამკრძალავი აქტის მოქმედება, რომლის საფუძველზეც, Myway Airlines-ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუუქმდა.

ავიაკომპანიის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების მოქმედების შეჩერება და ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს ხანებში შეძლებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის განჩინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება, ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ, შეჩერებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსმა“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გასულ კვირას, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან მეორე დღესვე, 2021 წლის 9 დეკემბერს შეიტანა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული წილთა გადანაწილების თანაფარდობა „მაივეი ეარლაინსის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა შორის, რომელზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.

„მაივეი ეარლაინსი“ არის ქართული ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვა-გადაყვანის ოპერაციებს. კომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (OL) 2018 წლის დასაწყისში მიენიჭა. ავიაკომპანიის ავიაპარკი ბოინგ 737-800 ტიპის ორი სამგზავრო და ბოინგ 737- 700 ტიპის სატვირთო თვითმფრინავით არის წარმოდგენილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.