სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ მათ 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გირაოს შუამდგომლობა სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებამ შეიტანა. პროკურატურა სხდომაზე ბრალდებულების მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა მიყენებული ზარალი აანაზღაურეს, აღარ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები.
შეგახსენებთ, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას მიმდინარე აქციის დროს აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს. სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას 25 იანვარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.